ისტორია
გაზეთ «ცნობის ფურცლის» 1899 წლის 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში თავისებულად ახსნილია ჩხოროწყუს სახელწოდება. «იქ სადაც თავადი ნიკო დადიანი ცხოვრობს, ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო», ცხრა მეგრულად «ჩხოროს» ნიშნავს, წყარო კი «წყუ»-ს, ანუ «ჩხოროწყუ».
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე უძველესმა ადამიანმა თანმიმდევრულად განვლო თითქმის ყველა საფეხური, რაც მსოფლიო ისტორიაშია ცნობილი. შორეული წინაპრის საცხოვრისი აღმოჩენილია «ყალიჩონა»-ს და ლეწურწუმეს გამოქვაბულებში. ნაპოვნია პირწამახული ქვები, სოფელ თაიაში ნაპოვნია ტიპიური ქვის ორმხრივ დამუშავებული ხელცული. II ჭოღის ტერიტორიაზე ხელნაჯახი. დასახელებული ქვის იარაღები პალეოლითის და ნეოლითის ხანისაა. სოფელ ოჩხომურში მდ. ოჩხომური ქვედა მარჯვენა ტერასების ზოლში შემთხვევით აღმოჩნდა გვიან-ბრინჯაო და ადრე-რკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობათა განძი 140-მდე ბრინჯაოს ნივთით. განძი თარიღდება ძვ. წთ. აღ. I ათასწლეული დასაწყისით, რომელიც გამოიკვლია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ელგუჯა გოგაძე და ჯონი აფაქიძე).
სოფელ ჭოღაში 1972 წელს პროფესორ დავით ხახუტაიშვილის მეთაურობით დადასტურდა ქურა-სახელოსნოს ნაშთების, რკინის იარაღების, საშენი მასალების, რკინის მადანის, ნაღვენთების და წიდების არსებობა, რომლებიც ქრონოლოგიურად ძვ. წთ. აღ. VIII-IV საუკუნეებით თარიღდება.
ანტიკური ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ძირითადი წყარო სამარხთა ინვენტარია. აღსანიშნავია, დერგისებრი ფორმის დასაკრძალავი ურნები ს. ნაკიანიდან, რომელშიც მიცვალებულის ნეშტს კრემაციის შემდეგ ინახავდნენ. ლეახალეს უბანში ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მდიდარი მასალა: მრინჯაოს სამაჯურები, სეგმენტური იარაღები, ოქროსა და ვერცხლის ყელსაბამები და ბეჭდები. არქეოლოგიური გამოკვლევებით დასტურდება ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი, მათ შორის აღმოჩენილია უცხოურიმასალებიც, ნაჯაგუს (გარახის) ციხის ქვემოთ, მდ. ოჩხომურის მარჯვენა ნაპირზე. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში მობინადრე მოსახლეობასთან უცხოელი ვაჭრები აღწევდნენ პატარა ნავების მეშვეობით, მდინარეების ოჩხომურისა და ხობისწყლის გავლით. არქანჯელო ლამბერტი «სამეგრელოს აღწერაში» წერს - «ტეხურას მოსდევს ხოფი (ხობისწყალი), ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირნაირი თევზებით და ნავებით სავალია».
მუხურისა და თაიას ტერიტორიაზე გადმოცემით, გადიოდა ე.წ. «პომპიაში შარა» ანუ «პომპეუსის გზა», რომელიც დაკავშირებულია პომპეუსის ლაშქრობასთან ძვ. წთ. აღ. 65 წელს. ადვილი შესაძლებელია პომპეუსი ტეხურის ან ხობისწყლის ხეობით დასახლებულ ტერიტორიაზე გავლით მიდიოდა, მეორე ვერსიის მიხედვით პომპეუსი ეგრისის გაქცეულ მეფეს ხსენებული ბილიკით მისდევდა, ეს კი მეტყველებს, რომ ძვ. წთ. აღ-თვის «პომპეის ბილიკი» ადგილობრივი მოსახლეობის დამაკავშირებელი გზა ყოფილა მეზობელ დასახლებულ პუნქტებთან.
თანდათანობით, როცა ჩხოროწყუში მოსახლეობა მომრავლდა იგი ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა და ეკლესიაც აიგო. 1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით) ეკლესია, მძვდელ-დიაკვნების გალობით ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალში ადგილი «ჩხოროწყუ»-დ მონათლა და აქვე დაინიშნა ყოველწლიური ბაზრობა «იარმარკობა», რომელიც დიდძალ ხალხს იზიდავდა. ეს ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი ჩხოროწყუ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.
გამოყენებული ლიტერატურა
1. არქანჯელო ლამბერტი - სამეგრელოს აღწერა. 1938 წელი.
2. კ. ბოროსდინი - სამეგრელო და სვანეთი. 1934 წელი.
3. გივი ელიავა. გივი ფარულავა. გრიგოლ შენგელია - ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი. თბილისი, 1983 წელი.
4. ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები. 1947 წელი.
5. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამეცნიერო სესიების თეზისები და მოხსენებები. მუზეუმის არქივი.
6. მარტვილის ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო სესიების თეზისები და მოხსენებები.