ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყო

25 თებერვალი, 2021

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყო, სადაც ფოტო და საინფორმაციო მასალა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამოიფინა. ასევე, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ზაურ ჯალაღონიამ ლექცია ჩაატარა თემაზე - ,, ჩხოროწყუელების: იოსებ და სამსონ დადიანებისა და გენერალ არტემონ ჯიჯიხიას მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმშენებლობისა და საოკუპაციო წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ გამოფენა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ დაათვალიერეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

 

გააზიარე