შეხვედრა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ ,,ბრეს საქართველოს“ წარმომადგენლებთან

11 December, 2022

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ ,,ბრეს საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ჟანა ბაბუნაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ,,ბრეს საქართველოს“ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული ორი სერვისის - მძიმე და ღრმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა დღის ცენტრისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მერმა ,,ბრეს საქართველოს“ წარმომადგენლებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა და თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. აღნიშნული ცენტრი 17 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ,,ბრეს საქართველოს“ დღის ცენტრი მოემსახურება 6-დან 18-წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს. ორგანიზაციის მიზანია, ბავშვებისა და მოზარდების ღირსეული, ხალისიანი და მრავალფეროვანი ცხოვრების უზრუნველყოფა, ფუნქციური უნარების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. დღის ცენტრის პროგრამას მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი და სპეციალური განათლების პედაგოგი) ახორციელებს. რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის პროგრამას ფიზიკური თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი , ნევროლოგი და მეტყველების სპეციალისტი. ფონდ ,,ბრეს საქართველოს“ მიერ ქალაქ ჩხოროწყუში 2021 წელს გაიხსნა ასევე ბავშვთა დღის ცენტრი, რომლის დაარსებიდან ერთი წელი სრულდება.

Share page