კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩატარდა

21 ივნისი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სს. ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ჩხოროწყუს ჰოსპიტალში საშვილოსნოს ყელის,ძუძუს,პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის უფასო გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა , ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სამეგრელოს რეგიონალურ დირექტორ დავით ფიფიასთან ერთად, ჩხოროწყუს ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ ,სადაც გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ პაციენტებს და სკრინინგის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევასა და მამოლოგიურ გასინჯვას. საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, ასევე უფასოა ძუძუს ექოსკოპიაც. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს პაპ–ტესტს; საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლპოსკოპიაც (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლის ჩათვლით, ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპიაც; აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. აღნიშნული გამოკვლევები, სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის მოთხოვნის გათვალისწინებით, პერიოდულად გაგრძელდება.

 

გააზიარე