ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

26 თებერვალი, 2021

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ხელმღვანელ პირებთან ერთად, სოფელ თაიაში, ნაფიჩხოვოსა და ჭოღაში გამართეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს. დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. საერთო კრებაზე ადგილობრივების მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, გარე განათების, წისქვილების, წყალმომარაგების სისტემის, მინი მოედნების, სოფლის ცენტრისა და საბავშვო ბაღების ეზოს მოწყობა დაასახელეს. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

გააზიარე