შეხვედრაზე კომპენსაციების გაცემის საკითხი განიხილეს

22 May, 2020

 ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიამ და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებიდნენ ასევე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ემზარ დემურია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დავით გახარია. შეხვედრაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების - სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი განიხილეს. ასევე, შეხვედრაზე საკრებულოს წევრებსა და მერის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გააცნეს და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, ჯამში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამასთან ერთად, ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე, ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან. დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარის ოდენობით დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ. რაც შეეხება სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებს, მათზე კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაიწყება. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, მეტი შეღავათი მიიღოს სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება.

Share page