მერი ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო

7 September, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შეწამვლითი ღონისძიებები და მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ფაროსანასთან ბრძოლის აბაშის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში იმყოფებოდნენ.  სპეციალისტებმა საკარმიდამო ნაკვეთში მოახდინეს „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის დემონსტრირება. აღნიშნული მეთოდის მიხედვით ნარგავებში ხდება ფერომონიანი ბადის განთავსება და მიზიდული მავნებლის პრეპარატის შესხურებით განადგურება.  ასევე, გრძელდება წამლობა ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში, სადაც მწერის მოსაზიდი ,, მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული.  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტული უბნები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.  მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, ეტაპობრივად, ყველა სოფელში განხორციელდება.

Share page