ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ტრენინგი ჩატარდა

21 March, 2018

დღეს აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები, მათ დაათვალიერეს შტაბში არსებული ოპერატიული მართვის ცენტრი და მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ტრენინგის მონაწილეები საკოორდინაციო შტაბში პრეპარატის, ფერომონისა და მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ საინფორმაციო მასალებსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნენ. საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების დაგეგმვასა და მის განხორციელებას. დასავლეთ საქართველოში უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო.

Share page